კატეგორიები

კაპეციტაბინი 150მგ 60 ტაბლეტი
  • კაპეციტაბინი 150მგ 60 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • კაპეციტაბინი ინიშნება ექიმის მიერ მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის ან სარძევე ჯირკვლების კიბოს სამკურნალოდ.



შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისთვის
კაპეციტაბინი 150 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები
კაპეციტაბინი 500 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი, რადგან შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირისათვის. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:
1. კაპეციტაბინის აღწერა და გამოყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ კაპეციტაბინის მიღებამდე
3. კაპეციტაბინის გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. კაპეციტაბინის შენახვის პირობები
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

1. კაპეციტაბინის აღწერა და გამოყენება
თქვენი პრეპარატის სახელწოდება არის კაპეციტაბინი 150 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები ან კაპეციტაბინი 500 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები (წინამდებარე ჩანართში შემდგომში წოდებული კაპეციტაბინი).
კაპეციტაბინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ~ციტოსტატიკური საშუალებები~, რომლებიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. კაპეციტაბინის ტაბლეტები შეიცავს 150 მგ ან 500 მგ კაპეციტაბინს, რომელიც თავისთავად არ წარმოადგენს ციტოსტატიკურ საშუალებას. მხოლოდ ორგანიზმის მიერ პრეპარატის შეწოვის შემდეგ ის იქცევა აქტიურ კიბოს საწინააღმდეგო საშუალებად (მეტწილად სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე ნორმალურ ქსოვილში).

კაპეციტაბინი ინიშნება ექიმის მიერ მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის ან სარძევე ჯირკვლების კიბოს სამკურნალოდ. გარდა ამისა, კაპეციტაბინი ინიშნება ექიმის მიერ მსხვილი ნაწლავის კიბოს ახალი გამოვლინების პრევენციის მიზნით ქირურგიული გზით სიმსივნის სრულად ამოკვეთის შემდეგ.

კაპეციტაბინის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.

2. რა უნდა ვიცოდეთ კაპეციტაბინის მიღებამდე

არ შეიძლება კაპეციტაბინის მიღება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია კაპეციტაბინის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში). აცნობეთ ექიმს, თუ იცით, რომ გაქვთ ალერგია ან გადაჭარბებული რეაქცია კაპეციტაბინის მიმართ,
- თუ მანამდე გქონდათ მძიმე რეაქცია ფლუოროპირამიდინის თერაპიაზე (კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფი, როგორიცაა ფლუოროურაცილი),
- თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ,
- თუ თქვენ გაქვთ სისხლში თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ძალიან დაბალი დონე (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია),
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე პრობლემები,
- თუ თქვენთვის ცნობილია დიჰიდროპირამიდინ დეჰიდროგენაზის (დპდ) ფერმენტის უკმარისობის შესახებ, რომელიც ჩართულია ურაცილისა და თიმინის მეტაბოლიზმში, ან
- თუ თქვენ ამჟამად მკურნალობთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში მკურნალობდით ბრივუდინით, სორივუდინით ან ანალოგიური კლასის ნივთიერებებით, როგორც სარტყლისებრი ჰერპესის (ჩუტყვავილას ან სარტყლისებრი ლიქენის) თერაპიის ფარგლებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
კაპეციტაბინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში, თუ:
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები;
- გაქვთ ან წარსულში გქონდათ გულის პრობლემები (მაგალითად, არარეგულარული გულისცემა ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, ყბის და ზურგის ტკივილი ფიზიკური დატვირთვის შედეგად და გულში სისხლმიმოქცევის პრობლემების გამო);
- გაქვთ ტვინის დაავადებები (მაგალითად, ტვინზე გავრცელებული კიბო ან ნერვის დაზიანება (ნეიროპათია))
- გაქვთ კალციუმის დისბალანსი (ნაჩვენებია სისხლის სინჯებში);
- გაქვთ დიაბეტი;
- გაქვთ დიარეა;
- გაქვთ გაუწყლოება;
- გაქვთ სისხლში იონების დისბალანსი (ელექტროლიტების დისბალანსი, ნაჩვენებია სინჯებში).

დპდ უკმარისობა: დპდ უკმარისობა არის იშვიათი მდგომარეობა, რომელსაც ადგილი აქვს დაბადებისას, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებთან, თუ თქვენ არ იღებთ გარკვეულ პრეპარატებს. თუ თქვენ გაქვთ დაუდგენელი დპდ უკმარისობა და იღებთ კაპეციტაბინს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მე-4 პარაგრაფში ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~ აღნიშნული გვერდითი მოვლენების მძიმე ფორმას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე გვერდითი მოქმედება ან შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში (იხ. მე-4 პარაგრაფი ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~).

ბავშვები და მოზარდები
კაპეციტაბინი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში. არ გამოიყენოთ კაპეციტაბინი ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ.

სხვა სამკურნალო საშუალებები და კაპეციტაბინი
მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად ერთზე მეტი პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია მედიკამენტების მოქმედების გახანგრძლივება ან შესუსტება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგი პრეპარატების მიღებისას:
• პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (ალოპურინოლი);
• სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (კუმარინი, ვარფარინი);
• გარკვეული ანტივირუსული პრეპარატები (სორივუდინი და ბრივუდინი) ან
• კრუნჩხვის ან ტრემორის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინი),
• ინტერფერონი ალფა, ან
• რადიოთერაპია და კიბოს სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ფოლის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი).
კაპეციტაბინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
კაპეციტაბინი მიიღება კვებიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
არ შეიძლება კაპეციტაბინის მიღება ორსულობის შემთხვევაში ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში. არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება კაპეციტაბინის მიღების დროს. პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
კაპეციტაბინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა ან დაღლილობა. ამიტომ, კაპეციტაბინმა შეიძლება ზემოქმედება იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. კაპეციტაბინის გამოყენების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კაპეციტაბინი ინიშნება მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.

კაპეციტაბინის ტაბლეტები მიიღება მთლიანად წყლის მიყოლებით საკვების მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ დოზირებისა და მკურნალობის რეჟიმს, რომელიც შეგეფერებათ თქვენ. კაპეციტაბინის დოზა განისაზღვრება თქვენი სხეულის ზედაპირის მიხედვით. ის გამოითვლება სიმაღლისა და წონის საფუძველზე. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის არის 1250 მგ/სხეულის ზედაპირის მ2-ზე, რომელიც მიიღება ორჯერ დღეში (დილით და საღამოს). წარმოგიდგენთ ორ მაგალითს: ადამიანს სხეულის წონით 64 კგ და სიმაღლით 1.64 მ აქვს სხეულის ზედაპირი 1,7მ2, და მან უნდა მიიღოს ოთხი 500 მგ ტაბლეტი და ერთი 150 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში. ადამიანს სხეულის წონით 80 კგ და სიმაღლით 1.80 მ აქვს სხეულის ზედაპირი 2,00მ2, და მან უნდა მიიღოს ხუთი 500 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში.

კაპეციტაბინის ტაბლეტები ჩვეულებრივ მიიღება 14 დღე, რომელსაც მოჰყვება 7 დღიანი შესვენების პერიოდი (როდესაც არ მიიღება ტაბლეტები). ეს 21 დღიანი პერიოდი შეადგენს მკურნალობის ერთ ციკლს.
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის შეიძლება იყოს 1250 მგ-ზე ნაკლები/სხეულის ზედაპირის მ2-ზე და თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის მიღება სხვადასხვა დროს (მაგალითად, ყოველდღე, შესვენების პერიოდის გარეშე).

პრეპარატის დოზა, მიღების დრო და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

შეიძლება ექიმმა დაგინიშნოთ 150 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინირება ყოველი დოზისთვის.
• ტაბლეტები მიიღეთ დილით და საღამოს, ექიმის დანიშნულების მიხედვით.
• ტაბლეტები მიიღეთ საკვების (საუზმის და სადილის) მიღების დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში.
• მნიშვნელოვანია ყველა პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

კაპეციტაბინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
კაპეციტაბინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შემდეგი დოზის მიღებამდე რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

კაპეციტაბინის ბევრად მეტი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: შეუძლოდ ყოფნა, დიარეა, ნაწლავის ან პირის ღრუს ანთება ან წყლულების წარმოქმნა, ტკივილი და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან ძვლის ტვინის დათრგუნვა (სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება). აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ კაპეციტაბინის მიღება
გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა შემდეგ მიღებაზე. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დოზირების სქემის მიხედვით და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

კაპეციტაბინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
კაპეციტაბინის მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული გვერდითი მოქმედებები არ აღინიშნება. კუმარინის ანტიკოაგულანტების (რომლებიც შეიცავს, მაგალითად ფენპროკუმონს) გამოყენების შემთხვევაში კაპეციტაბინის მიღების შეწყვეტამ შეიძლება მოითხოვოს თქვენი ექიმის მიერ ანტიკოაგულანტის დოზის დარეგულირება.

მოცემული პრეპარატი გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაპეციტაბინის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში:

• დიარეა: თუ დღის განმავლობაში კუჭის ან ნაწლავის მოქმედება ნორმალურთან შედარებით 4 ჯერ გაიზრდება ან აღგენიშნებათ დიარეა ღამით.
• ღებინება: ღებინების ერთზე მეტი ეპიზოდი 24 საათის განმავლობაში.
• გულისრევა: მადის დაკარგვის ან ყოველდღიურად ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობის საკვების მიღების შემთხვევაში.
• სტომატიტი: პირის ღრუს და/ან ხახის ტკივილი, გაწითლება, შესიება ან წყლულოვანი დაზიანებები.
• კანის რეაქციები კიდურებზე: ხელების და/ან ფეხების ტკივილი, შეშუპება, გაწითლება და ჩხვლეტის შეგრძნება.
• ციება: თუ თქვენ გაქვთ 38˚ჩ და უფრო მაღალი ტემპერატურა.
• ინფექცია: თუ თქვენ გაქვთ ბაქტერიით ან ვირუსით თუ სხვა ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.
• ტკივილი გულ-მკერდის არეში: თუ თქვენ აღგენიშნებათ ტკივილი გულ-მკერდის შუა ნაწილში, განსაკუთრებით თუ მას ადგილი აქვს ვარჯიშის დროს.

საწყის ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნული გვერდითი მოქმედებების გაუმჯობესება ჩვეულებრივ ხდება მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ. მაგრამ აღნიშნული გვერდითი მოქმედებების შენარჩუნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მკურნალობის ხელახლა დაწყება უფრო დაბალი დოზით.

გარდა აღნიშნულისა, კაპეციტაბინის მონოთერაპიის სახით გამოყენების შემთხვევაში ძალიან ხშირ გვერდით მოქმედებებს, რომლებიც აღენიშნებათ 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს, წარმოადგენს:
• მუცლის ტკივილი
• გამონაყარი კანზე, კანის სიმშრალე და ქავილი
• დაღლილობა
• მადის დაკარგვა (ანორექსია).

აღნიშნულმა გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება მიიღოს მძიმე ხასიათი; ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს გვერდითი მოვლენების გამოვლენისთანავე. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება და/ან კაპეციტაბინით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. ეს დაგეხმარებათ გვერდითი მოვლენების განვითარების ან დამძიმების ალბათობის შემცირებაში.

სხვა გვერდითი მოქმედებები:
ხშირი გვერდითი მოქმედებები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს) ითვალისწინებს შემდეგს:
- სისხლის თეთრი უჯრედების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნაჩვენებია სინჯებში)
- დეჰიდრატაცია, წონის დაკლება
- უძილობა (ინსომნია), დეპრესია
- თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, უჩვეულო მგრძნობელობა კანზე (დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება), გემოს შეცვლა
- თვალის გაღიზიანებადობა, ცრემლდენა, სიწითლე (კონიუნქტივიტი)
- ვენების ანთება (თრომბოფლებიტი)
- ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, სურდო
- ჰერპესი ან სხვა ჰერპესული ინფექციები
- ფილტვების ან სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგალითად, პნევმონია ან ბრონქიტი)
- სისხლდენა ნაწლავიდან, შეკრულობა, ტკივილი მუცლის ზედა არეში, საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე
- გამონაყარი კანზე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის გაწითლება, კანის სიმშრალე, ქავილი (მუნი), კანის ფერის შეცვლა, კანის აქერცვლა, კანის ანთება, ფრჩხილების დაზიანება
- სახსრების ან კიდურების, გულ-მკერდის ან ზურგის ტკივილი
- ციება, კიდურების შეშუპება, შეუძლოდ ყოფნა
- პრობლემები ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებით (ნაჩვენებია სისხლის სინჯებში) და სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (რომელიც გამოიყოფა ღვიძლით)

არც ისე ხშირი გვერდითი მოქმედებები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს) ითვალისწინებს შემდეგს:
- სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ცხვირისა და ხახის ინფექციები, სოკოვანი ინფექციები (პირის ღრუს სოკოვანი ინფექციების ჩათვლით), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი
- ცხიმგროვები კანის ქვეშ (ლიპომა)
- სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების, რაოდენობის შემცირება, სისხლის გათხელება (ნაჩვენებია სინჯებში)
- ალერგია
- დიაბეტი, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, კვების დარღვევა, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება
- გონების არევა, პანიკური შეტევები, დეპრესია, ლიბიდოს დაქვეითება
- მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, წონასწორობის შენარჩუნების დარღვევა, გულყრა, ნერვის დაზიანება (ნეიროპათია) და მგრძნობელობასთან დაკავშირებული პრობლემები
- არამკვეთრი მხედველობა ან თვალებში გაორება
- ვერტიგო, ყურის ტკივილი
- გულისცემის დარღვევა ან გახშირება (არითმია), ტკივილი გულ-მკერდის არეში და გულის შეტევა (ინფარქტი)
- სისხლის კოლტები ღრმა ვენებში, სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა, წამოხურება, კიდურების გაციება, სისხლჩაქცევები კანზე
- სისხლის კოლტები ფილტვების ვენებში (პულმონური ემბოლია), ფილტვების კოლაფსი, სისხლიანი ხველა, ასთმა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს
- ნაწლავური გაუვალობა, მუცელში სითხის დაგროვება, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლიანი განავალი
- სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება)
- კანზე წყლულების და ბუშტუკების წარმოქმნა, კანის მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, ხელის გულების გაწითლება, სახის შესიება ან ტკივილი
- სახსრების ტკივილი ან გამაგრება, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე ან გამაგრება
- თირკმელებში სითხის დაგროვება, ხშირი შარდვა ღამით, შარდის შეუკავებლობა, სისხლი შარდში (თირკმელების დისფუნქციის ნიშნები)
- უჩვეულო სისხლდენა საშოდან
- შესიაბა (შეშუპება), შეციება და კანკალი.

ზოგიერთი აღნიშნული გვერდითი მოქმედება უფრო ხშირია კაპეციტაბინის მიღებისას სხვა კიბოს სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც ნაჩვენებია აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით, წარმოადგენს შემდეგი:

ხშირი გვერდითი მოქმედებები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს) ითვალისწინებს შემდეგს:
- სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დონის შემცირება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება
- ნევრალგია
- ყურებში ზუზუნი ან შუილი (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა
- ვენების ანთება
- ბოყინი, ხმის შეცვლა
- ტკივილი ან შეცვლილი/უჩვეულო მგრძნობელობა პირის ღრუში, ქვედა ყბის ტკივილი
- იფლიანობა, ოფლიანობა ღამით
- კუნთების სპაზმი
- გაძნელებული შარდვა, სისხლი ან ცილა შარდში
- სისხლჩაქცევა ან რეაქცია შეყვანის ადგილზე (რომელიც გამოწვეულია ერთდროულად საინექციო პრეპარატების გამოყენებით)

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედებები (შეიძლება აღენიშნოს 10.000-დან 1 ადამიანს) ითვალისწინებს შემდეგს:
- საცრემლე არხის შევიწროება ან გაჭედვა (საცრემლე არხის სტენოზი)
- ღვიძლის დაზიანება
- ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის გამოყოფის დისფუნქციას ან ობსტრუქციას
(ქოლესტაზური ჰეპატიტი)
- გარკვეული ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება)
- გარკვეული ტიპის არითმია (მათ შორის, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ~ტორსადე დე პოინტეს~ და ბრადიკარდია)

თუ თქვენ გაწუხებთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა უჩვეულო მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ინფორმაცია გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედებების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ აგრეთვე შეიძლება იქნას წარმოდგენილი Yელლოწ ჩარდ შცჰემე-ის ვებ-გვერდზე: წწწ.მჰრა.გოვ.უკ/ყელლოწცარდ.

გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. კაპეციტაბინის შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30˚ჩ ტემპერატურის პირობებში.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე წარწერა <ვარგისია>-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

გამოუყენებელი პრეპარატის ან მისი ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ციტოტოქსიკური ნივთიერებების შესახებ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

კაპეციტაბინის შემადგენლობა
კაპეციტაბინი 150 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები:
- აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კაპეციტაბინი. თითო აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ კაპეციტაბინს.

კაპეციტაბინი 500 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები:
- აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კაპეციტაბინი. თითო აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.

- დამხმარე ნივთიერებები:
- ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კოლოიდური უწყლო კრემნიუმი, მაგნიუმის სტეარატი.
- ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, მაკროგოლი 400, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

კაპეციტაბინის აღწერა და შეფუთვა
კაპეციტაბინი 150 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ღია ატმისფერი ოვალური აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით ~150~ - ერთ მხარეს. დაახლოებითი ზომებია 11.4მმ ხ 5.9მმ.
კაპეციტაბინი 150 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტების შეფუთვაში მოთავსებულია 60 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.

კაპეციტაბინი 500 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ატმისფერი მოგრძო კაფსულის ფორმის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით ~500~ - ერთ მხარეს. დაახლოებითი ზომებია 17.1მმ ხ 8.1 მმ.
კაპეციტაბინი 500 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტების შეფუთვაში მოთავსებულია 120 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ზენტივა, ვან ონსლოუს ქუჩა, გილფორდი, სურეი, GU1 4Yშ, დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი
შპს ~რემედიკა~, აჰარნონის ქუჩა, ლიმასოლ ინდასთრიალ ისთეით, 3056 ლიმასოლი, კვიპროსი.

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2013 წლის ივლისი.
‘ზენტივა’ არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი © 2013
ზენტივა
ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია (ზენტივა გრუპ, ა.ს., 10237, პრაღა 10, უ კაბელოვნის 130, დოლნი მეხოლუპი)

PSP გირჩევთ