კატეგორიები

  • ნონპრესი 25მგ 20 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ნონპრესი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, ასევე მდგომარეობის გაუარესების ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის პრევენციისთვის.



ნონპრესი, 25 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
ნონპრესი, 50 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
ეპლერენონი

პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია, რადგან იგი მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
• შეინახეთ ინსტრუქცია. თქვენ შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• მოცემული პრეპარატი თქვენ გამოგიწერეს, არ გადასცეთ იგი სხვებს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.
• თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც შესაძლოა არ იყოს აღწერილი მოცემულ ინსტრუქცია. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:
1. რა არის ნონპრესი და რისთვის გამოიყენება.
2. რა უნდა იცოდეთ ნონპრესის მიღების დაწყებამდე.
3. როგორ მივიღოთ ნონპრესი.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. როგორ შევინახოთ ნონპრესი.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

1. რა არის ნონპრესი და რისთვის გამოიყენება
ნონპრესი განეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებიც სელექტიური ალდოსტერონების ბლოკატორებად არიან ცნობილი. აღნიშნული ბლოკატორები ახდენენ ალდოსტერონის – სხეულში გამომუშავებული იმ ნივთიერების ინჰიბირებას, რომელიც აკონტროლებს სისხლის წნევასა და გულის ფუნქციას. ალდოსტერონის მაღალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები ორგანიზმში, რომელიც შესაძლოა გახდეს გულის უკმარისობის მიზეზი.
ნონპრესი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, ასევე მდგომარეობის გაუარესების ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის პრევენციისთვის, თუ თქვენ:
1. უკანასკნელ პერიოდში გქონდათ გულის შეტევა, იმ სხვა პრეპარატების ფონზე, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, ან
2. გაქვთ მდგრადი, მსუბუქი სიმპტომები მიუხედავად მკურნალობისა.

2. რა უნდა იცოდეთ ნონპრესის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ნონპრესი:
• თუ ხართ ალერგიული ეპლერენონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც აღწერილია პარაგრაფში 6).
• თუ გაქვთ კალიუმის მაღალი დონე სისხლში (ჰიპერკალემია);
• თუ იღებთ იმ ჯგუფის პრეპარატებს, რომლებიც გეხმარებიან სხეულის სითხეების ჭარბად გამოყოფაში (კალიუმის აღმდგენი დიურეტიკები) ან “მარილის ტაბლეტებს” (კალიუმის დანამატებს).
• თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადებები.
• თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადებები.
• თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი).
• თუ იღებთ ანტივირუსულ პრეპარატებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირსუსის (აივ) სამკურნალოდ (ნელფინავირი ან რიტონავირი).
• თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარიტრომიცინი ან ტელიტრომიცინი).
• თუ თქვენ იღებთ ნეფაზოდონს დეპრესიის სამკურნალოდ.
• თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის გარკვეული მდგომარეობების ან ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის (აგე) ინჰიბიტორს და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ერთად).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნონპრესის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
• თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები (იხ. ასევე “არ მიიღოთ ნონპრესი”);
• თუ იღებთ ლითიუმს (ჩვეულებრივ ინიშნება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ, რომელიც ასევე ბიპოლარული აშლილობის სახელით არის ცნობილი).
• თუ იღებთ ტაკროლიმუსს ან ციკლოსპორინს (გამოიყენება კანის გარკვეული დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში).

ბავშვები და მოზარდები
ეპლერენონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში არ არის შესწავლილი.

სხვა პრეპარატები და ნონპრესი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, უკანასკნელ პერიოდში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ნონპრესი შემდეგ პრეპარატებთან ერთად (იხ. პარაგრაფი “არ მიიღოთ ნონპრესი”):
• იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), რიტონავირი, ნელფინავირი (ანტივირუსული პრეპარატები აივ სამკურნალოდ), კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) ან ნეფაზოდინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), რადგან ეს პრეპარატები ამცირებენ ნონპრესის გავრცელების დონეს და შესაბამისად ახანგრძლივებენ მისი ორგანიზმზე მოქმედების დროს.
• კალიუმის აღმდგენი დიურეტიკები (პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს სხეულის სითხეების ჭარბად გამოყოფას) და კალიუმის დანამატები (“მარილის ტაბლეტები”), რადგან ეს პრეპარატები ზრდიან სისხლში კალიუმის დონის ძლიერი მატების რისკს.
• ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები ერთად (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის, გულის დაავადებების ან თირკმლის გარკვეული მდგომარეობების დროს), რადგან მათ შესაძლოა გაზარდონ სისხლში კალიუმის დონის ძლიერი მატების რისკი.
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
• ლითიუმი (ჩვეულებრივ გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის დროს, რომელსაც ასევე ბიპოლარულ აშლილობას უწოდებენ). ლითიუმის გამოყენებამ დიურეტიკებთან და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორებთან ერთად (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ) აჩვენა სისხლში ლითიუმის დონის ძლიერი მატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: უმადობა, მხედველობის გაუარესება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი.
• ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა, ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში). აღნიშნულ პრეპარატებს შეუძლია თირკმელების პრობლემების და შესაბამისად, სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ესენია გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები: მაგ იბუპროფენი, რომლებიც გამოიყენება ტკივილის, რიგიდულობისა და ანთების საწინააღმდეგოდ). ამ პრეპარატებს შეუძლია თირკმლის პრობლემების, და შესაბამისად სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.
• ტრიმეტოპრიმს (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს) ასევე შეუძლია სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.
• ალფა I ბლოკატორებმა, როგორიცაა პრაზოსინი ან ალფუზოსინი (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისა და პროსტატის გარკვეული მდგომარეობების დროს) შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის დაცემა და თავბრუსხვევა წამოდგომის დროს.
• ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი ან ამოქსაპინი (დეპრესიის სამკურნალოდ), ანტიფსიქოზური (ასევე ცნობილი როგორც ნეიროლეპტიკები), როგორიცაა ქლორპრომაზინი ან ჰალოპერიდოლი (ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ) და ბაკლოფენი (კუნთების სპაზმის სამკურნალოდ). აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის დაცემა და თავბრუსხვევა წამოდგომის დროს.
• გლუკოკორტიკოიდებმა, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი ან პრედნიზონი (ანთებისა და კანის ზოგიერთი მდგომარეობის სამკურნალოდ) და ტეტრაკოსაქტიდი (ძირითადად გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის) შესაძლოა შეამცირონ ნონპრესის წნევის დამწევი ეფექტი.
• დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებათა სამკურნალოდ). დიგოქსინის ნონპრესთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს სისხლის დონე.
• ვარფარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი): სიფრთხილეა საჭირო ვარფარინის მიღებისას, რადგან მისმა მაღალმა შემცველობამ სისხლში შესაძლოა გამოიწვიოს ნონპრესის ორგანიზმზე მოქმედების ცვლილებები.
• ერითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), საკვინავირი (ანტივირუსული პრეპარატი აივ სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ამიოდარონი, დილტიაზემი და ვერაპამილი (გულის პრობლემების და მაღალი წნევის სამკურნალოდ) ამცირებენ ნონპრესის გავრცელებას და შესაბამისად ახანგრძლივებენ მისი მოქმედების დროს.
• კრაზანა (მცენარეული სამკურნალო საშუალება), რიფამპიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს), კარბამაზეპინი, ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება, სხვა პრეპარატებთან ერთად, ეპილეფსიის სამკურნალოდ) ზრდიან ნონპრესის გავრცელების დონეს და შესაბამისად ამცირებენ მისი მოქმედების ეფექტს.
ნონპრესის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
ნონპრესის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას რჩევისთვის მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ნონპრესის მიღების შედეგები არ არის შესწავლილი.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ეპლერენონი დედის რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ უნდა მიიღოს ექიმმა.
ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმების მართვა
ნონპრესის მიღების შემდეგ თქვენ შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა, ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომანქანა ან სხვა მექანიზმები.
ნონპრესი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს
ნონპრესი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქრის ტიპი). თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ რომელიმე შაქრის შეუთავსებლობა, პრეპარატის მიღებამდე რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. როგორ მივიღოთ ნონპრესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნონპრესის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე უზმოზე. ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად წყლის დიდ რაოდენობასთან ერთად.

ნონპრესი ჩვეულებრივ ინიშნება გულის უკმარისობის სხვა პრეპარატებთან ერთად, მაგ: ბეტა ბლოკატორები. ჩვეული საწყისი დოზა არის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ, რომლის მატება ხდება დაახლოებით 4 კვირის შემდეგ 50 მგ-მდე დღეში (ერთი 50 მგ ტაბლეტის ან ორი 25 მგ ტაბლეტის მიღების სახით). პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში.
ნონპრესის მიღებამდე უნდა გაიზომოს კალიუმის დონე სისხლში, ასევე მკურნალობის პრიველი კვირის განმავლობაში და ერთი თვის შემდეგ, ასევე დოზის ცვლილების შემთხვევაში. დოზის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი სისხლში კალიუმის დონის მაჩვენებლის მიხედვით.
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ნაკლები სიმძიმის დაავადება, საწყისი დოზა იქნება ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ, ხოლო თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის დაავადება საწყისი დოზა იქნება ერთი 25 მგ ტაბლეტი ყოველ მეორე დღეს.
აღნიშნული დოზების ცვლილება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციისა და სისხლში კალიუმის დონის მაჩვენებლის შესაბამისად.
თირკმლის მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში ნონპრესის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პაციენტებში, რომელთაც აქვთ მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ღვიძლის დაავადებები საწყისი დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი.
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები შესაძლოა მეტი სიხშირით დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების გაკეთება მასში კალიუმის დონის გასაკონტროლებლად. (იხ. ასევე “არ მიიღოთ ნონპრესი”).
ხანდაზმულებისთვის: სწაყისი დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი
ბავშვებისა და მოზარდებისთვის: ნონპრესის მიღება არ არის რეკომენდებული.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნონპრესი
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნონპრესი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მიიღეთ ძალზე დიდი რაოდენობის პრეპარატი, ყველაზე სავარაუდო სიმპტომები იქნება დაბალი წნევა (რასაც ახლავს თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, სისუსტე, გონების დაკარგვა) ან ჰიპერკალემია, კალიუმის მაღალი დონე სისხლში (რასაც ახლავს კუნთების სპაზმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი).


თუ დაგავიწყდათ ნონპრესის მიღება:
თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი შესაბამის დროს.
სხვა შემთხვევაში მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ მის შესახებ, იმ პირობით, თუ შემდეგი ტაბლეტის მიღებამდე 12 საათზე მეტი არის დარჩენილი. ამის შემდეგ დაუბრუნდით პრეპარატის მიღების ჩვეულ რეჟიმს.
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

ნონპრესის მიღების შეწყვეტა
მნიშვნელოვანია, რომ ნონპრესის მიღება მოხდეს დანიშნულების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი გირჩევთ მისი მიღების შეწყვეტას.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ნონპრესმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან:
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას:
• სახის, ენის ან ყელის შეშუპება.
• ყლაპვის გაძნელება.
• ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება
ესენია ანგიონევროტული შეშუპების სიმპტომები.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ზოგადი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში)
• გულის შეტევა
• სისხლში კალიუმის დონის მატება (რომლის სიმპტომებია: კუნთის სპაზმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი).
• თავბრუსხვევა
• გადაღლილობა
• ინფექცია
• ხველა
• ყაბზობა
• სისხლის დაბალი წნევა
• დიარეა
• გულისრევა
• თირკმელების არანორმალური ფუნქციონირება
• გამონაყარი
• ქავილი
• კუნთების სპაზმი და ტკივილი
• სისხლში შარდოვანას დონის მატება
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში):
• ეოზინოფილია (გარკვეული ლეიკოციტების მატება)
• დეჰიდრაცია
• ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდის (ცხიმების) მომატება სისხლში.
• ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში
• უძილობა (ძილის დარღვევები)
• თავის ტკივილი
• გულის პრობლემები, მაგ: არარეგულარული გულისცემა, გულისცემის აჩქარება და გულის უკმარისობა.
• ნაღვლის ბუშტის ანთება
• სისხლის დაბალი წნევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას წამოდგომის დროს
• ფეხების თრომბოზი (შედედებული სისხლი) \\
• ყელის ტკივილი
• მეტეორიზმი
• ღებინება
• თიროიდის არასაკმარისი აქტივობა
• სისხლში გლუკოზის დონის მატება
• შეხების შეგრძნების დაქვეითება
• ოფლიანობა
• ზურგის ტკივილი
• ფეხების სპაზმი
• სისუსტე და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა
• სისხლში კრეატინინის დონის მატება, რაც შესაძლოა მიუთითებდეს თირკმელების პრობლემების არსებობას.
• მკერდის გადიდება კაცებში
• სისხლის ანალიზის ზოგიერთი მაჩვენებლის ცვლილებები

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც შესაძლოა არ იყოს აღწერილი მოცემულ თანდართულ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ განცხადება გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ ფარმაცევტული პრეპარატების ზედამხედველობის დეპარტამენტში.
ფარმაცევტული პრეპარატების ზედამხედველობის დეპარტამენტი
სამედიცინო პროდუქციის, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქციის რეგისტრაციის ოფისი, ჯეროზოლიმსკიე გამზირი 181ჩ, 02-222 ვარშავა.
ტელ: +48 22 492 13 01,
ფაქსი: +48 22 492 13 09
ელ.ფოსტა: ადრ@ურპლ.გოვ.პლ
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ინფორმაცია მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ ნონპრესი
შეინახეთ მოცემული პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც კოლოფზე და ბლისტერზეა მითითებული Eხპ. ნიშნით. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყალში. შეეკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელიც აღარ გესაჭიროებათ. მოცემული ზომების მიღება დაიცავს გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნონპრესი
• აქტიური ინგრედიენტი არის ეპლერენონი. ნონპრესის თითოეული 25 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ეპლერენონს.
• აქტიური ინგრედიენტი არის ეპლერენონი. ნონპრესის თითოეული 50 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ეპლერენონს.
სხვა ინგრედიენტებია: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალინ-ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილ-სულფატი, ტალკი, მაგნიუმის სტერეატი. გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80 (E433), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება ნონპრესი და მისი კოლოფის შიგთავსი
ნონპრესის 25 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები არის კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივ-ამობურცული ტაბლეტები, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია “25”.
ნონპრესის 25 მგ ტაბლეტები მოწოდებულია ბლისტერებზე 20 ან 30 ცალი ტაბლეტის სახით.
ნონპრესის 50 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები არის კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივ-ამობურცული ტაბლეტები, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია “50”.
ნონპრესის 50 მგ ტაბლეტები მოწოდებულია ბლისტერებზე 20 ან 30 ცალი ტაბლეტის სახით.

რაოდენობის აღნიშვნები შესაძლოა არ იყოს დატანილი ყველა ტიპის შეფუთვაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
ს.ს.პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა.
მარშ. ჯოზეფ პილსუდსკის ქ. 5,
95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ტელ: +48 42 22 50 555-559
ფაქსი: +48 42 21 55 396

მწარმოებელი:
ს.ს.პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა.
მარშ. ჯოზეფ პილსუდსკის ქ. 5,
95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ტელ: +48 42 22 50 555-559
ფაქსი: +48 42 21 55 396

მოცემული სამედიცინო პროდუქტი ნებადართულია ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემდეგი სახელწოდებებით:

პოლონეთი ნონპრესი

მოცემული თანდართული ფურცლის შესწორება მოხდა 2014 წლის 23 აპრილს.
მარეგულირებელ საქმეთა სპეციალისტი: ბოგუმილა ბაკოვსკა